თეგი: გოჩა ჯავახიშვილი

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა, ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „2023 წლის 13 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.  

საფრანგეთში საქართველოს ელჩი: ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს, სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. „ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული და იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე.  

გამიხარდებოდა, პრეზიდენტი ამბასადორიალზე რომ მენახა - საფრანგეთში საქართველოს ელჩი

საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, კანდიდატის სტატუსის მიღება არის ყველას შედეგი და ყველას ეკუთვნის მადლობა. „ეს შედეგი [კანდიდატის სტატუსის მიღება] არის ყველას შედეგი და პრემიერმაც ყველას გადაუხადა მადლობა. მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც გუშინ, დღეს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებული ეს მიზანი მისულიყო ბოლომდე. მე ვფიქრობ, ყველამ თავისი პოზიტიური როლი ითამაშა ამაში. მე გამიხარდებოდა, რომ აქ მენახა [პრეზიდენტი], მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი,” — განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა. რატომ არ მიიწვის პრეზიდენტი ამბასადორიალზე — მინისტრის განმარტება  

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს. დიპლომატის თქმით, უკვე მიმართა ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შეუწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება. „ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი, რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია: „ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე.“ 30 წელია, ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, ათი წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა მეთქი. ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში. იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის. პირადად მე არავის ვიცნობ ჩემ ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება, ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს. ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება. ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა, ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ, ვეღარ ვერევი. თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი. მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი,“ – წერს გოჩა ჯავახიშვილი. საგარეო უწყება საფრანგეთს არაობიექტურობაში ადანაშაულებს: „არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას“  

პრეზიდენტი საქართველოს ელჩის გადაწყვეტილებაზე: დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, რომ საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას

„დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო სინდისითა და ყოველგვარი ღირსებით აღსავსე შევა ევროპაში. „მე არ დავამთავრებ ჩემს სიტყვას ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი, რომელიც მოგვდის გარედან, უცხოეთიდან. თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი ლევან მიქელაძე და დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება, თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენ მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას. არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, ნიშნავს შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის. ასეთი საქართველო, სინდისით და ყველა ღირსებით აღსავსე, ნამდვილად შევა ევროპაში,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვინ არის მისი მტერი და ვინ მოყვარე. „ძალიან რთულ გზას გავივლით ერთად და ჩვენი პარტნიორების დახმარებით. ჩვენ და თქვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ვინ რა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. ქვეყნებისთვის იგივე ხდება, რაც ადამიანებისთვის პიროვნულ ცხოვრებაში. ადამიანმა თუ არ იცის, ვინ არის მოყვარე და ვინ არის მტერი, ვერ გაარჩევს თავის გზას. იმისი მიუხედავად, რომ ჩვენ პარტნიორებს ზოგმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, ევროპის დღეს, იმ ცარიელი სკამებით, ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა ისე, რომ ჩვენ არ დავუშვათ, ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმე რამე კონფრონტაციაში შეგვიყვანოს. როგორც აქამდე, მშვიდობიანად, ხალისიანად, იმედიანად მივდიოდით ამ გზაზე, ასევე უნდა გაგრძელდეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

საგარეო საქმეთა მინისტრი: გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა

საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან, - შესაბამისი განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ გოჩა ჯავახიშვილმა თავისი განცხადებით, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა. „მსურს, გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში გოჩა ჯავახიშვილი უმაღლესი პოზიციიდან - ელჩის რანგში - წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. ჩვენი უწყების თანამშრომლებმა განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობაში და აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეს. ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან,“ - აცხადებს დარჩიაშვილი. ცნობისთვის, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობა გუშინ დატოვა. დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს.“